ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. არსებული ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა გასულ 24 საათში, 6 სარაკეტო, 52 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 65 დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტები და შაჰედის ტიპის ირანული დრონებიც გამოიყენეს. თავდასხმების შედეგად, კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განადგურდა ან დაზიანდა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მარინკასა და ბახმუტისათვის გრძელდება.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.