კრწანისში, კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. კაპიტნის საკარიერო კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს. ასევე მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში.