უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს, ინდოეთის მთავრობის მეთაურს, ნარენდრა მოდისს და იტალიის პრემიერს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერს დეტალურად გააცნო უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ და ინდოეთი, ამ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რიში სუნაკს ლიდერობისთვის, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინისთვის მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიციის შექმნაში გამოიჩინა.