სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. პოლიციამ მომიტინგეთა დაკავება დაიწყო. დაკავებულთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მდე წევრი და სამოქალაქო აქტივისტები. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროდან გამოვიდა მიკროავტობუსი, რომელსაც აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. გარდა ამისა, ადგილზე ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში, კერძოდ კი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, სანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმროს ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.