სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ.
დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.