თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ბრინდისის მეოთხედფინალური სერია 3:0 მოუგო.
ბოლონიელებმა მეტოქეს საშინაო მატჩებში იოლად აჯობეს, დღეს კი სტუმრად გაცილებით გაუჭირდათ, თუმცა, შენგელიას დიდი დახმარებით, საბოლოოდ, მაინც მოიგეს – 96:93.
თორნიკე მატჩში სათადაროგოთა სკამიდან ჩაერთო და 25 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ვირტუსს 18 ქულა შესძინა მარკო ბელინელიმ, ჯორდან მიკიმ 15 ქულა ჩააგდო, მილოშ ტეოდოსიჩმა კი – 13. ბრინდისის მხრიდან 33 ქულით შეუჩერებელი იყო ამერიკელი მარკის რიდი
თუ ვინ იქნება ვირტუსის მეტოქე იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ტრენტოსა და ტორტონას სერიაში გაირკვევა, რომელსაც ეს უკანასკნელი 2:1-ს იგებს.