საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკება დაასრულა და უახლოეს პერიოდში კონსტანტინე მარადიშვილს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ, – ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ერთი კვირის წინ რუსული გამოცემა RB Sport-იც გვაუწყებდა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველმა, კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა და მალე „ჯვაროსნების“ ფორმით ითამაშებდა.
Geo Team-ის ცნობით, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ქართულ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს და სავარაუდოდ, ვილი სანიოლი მას ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მიიწვევს.
23 წლის საყრდენ ნახევარმცველს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მიწვევა არასდროს მიუღია. შესაბამისად, მას საქართველოს ნაკრებში უპრობლემოდ შეუძლია თამაში.
მარადიშვილის სატრანსფერო ფასი ამჟამად ორი მილიონი ევროა. უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევრო იყო, თუმცა მეზობელ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასი საგრძნობლად დაეცა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 17 ივნისს ლარნაკაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 20 ივნისს გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება.