დიდი შვიდეულის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითხოვენ. განცხადების თანახმად, „დიდი შვიდეული“ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითხოვს. G7-ის ლიდერების თქმით, სამართლიანი მშვიდობა რუსული ჯარებისა და ტექნიკის სრულად გაყვანის გარეშე ვერ განხორციელდება. ლიდერები აცხადებენ იმასაც, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ქვეყნები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთად დგანან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე ზედა ზღვრის შენარჩუნების ერთგული რჩებიან და გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა ამ ზღვარის თავიდან აცილება არ დაუშვან.