კომპანია „ბიბლუსს“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ბიბლუსი ჯგუფის” დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა. სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს „ბიბლუსი ჯგუფი“ ერთი წლის განმავლობაში წიგნებით მოამარაგებს. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბიბლიოთეკარები გადამზადდებიან, რომლებიც, როგორც წესი, მსჯავრდებულები არიან. იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კამპანია პატიმრების რესოციალიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს.