შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტზე დასაქმებული პირები. პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია განცხადებაში.