„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა არათუ ქვეყანას, არამედ პირიქით, მის პარტიას დააზიანებს, რადგან „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გზას არ ადგას.
ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ევროპარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, „გვეშინია, პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ“.
როგორც ნაცვლიშვილის აღნიშნავს, შეუძლებელია, რომ პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანოს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და სწორედ ამ კონტექსტში არ უნდა ევროპარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტი.
„კობახიძის განცხადება ძალიან მძიმეა და ეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციური უფლებამოსილების და ვალდებულების ხელშეშლაა. კობახიძეს როგორც ჩანს, აქვს ორი კონსტიტუცია. ერთი, რომელიც კომისიის მიერ დაიწერა და მეორე რაღაცა თავისი კონსტიტუცია აქვს. კონსტიტუციის 72-ე მუხლი ავალებს ყველას, მათ შრის, პრეზიდენტს, რომ გადადგას ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ ჭრილში პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა უმნიშვნელოვანესია. მე როგორც მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთხელ ევროპარლამენტში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ არ ყოფილა. ევროპარლამენტისთვის და შესაბამისად, ევროკავშირისთვის საქართველოს ამ რეზონით დღის წესრიგში ჩასმა ძალიან მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ამ გამოსვლამ და საერთოდ ამ მასშტაბის მოვლენამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანოს. სულ პირიქით. ის [ირაკლი კობახიძე] ფიქრობს, რომ მის პარტიას დააზიანებს. მის პარტიას დააზიანებს, იმიტომ რომ ეს პარტია თავად ევროკავშირის გზას არ ადგას. არ უნდა ამ ხალხს რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. მათ მიიღეს უკვე სტატუსი პუტინისგან, რომ „თქვენ ჩემიანები ხართ“, „თქვენთან ვარ ბიჭებო“ და ამის საპირწონედ მათ ინტერესში საერთოდ არ შედის ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს ძალიან მაღალი დონის ელჩი სჭირდება, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში ხალხის ხმას მიიტანს.
„საქართველოს დღეს სჭირდება ძალიან მაღალი დონის ელჩი, რომელიც ხალხის ხმას და გადაწყვეტილებას ევროპულ სტრუქტურებში მიიტანს და გასაგებად ახსნის, რა საფრთხეების წინაშე არის ქვეყანა და ამ კონტექსტში, რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისკენ სწრაფვას და ასევე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაღალი ყურადღების მიპყრობას. ეს რომ კობახიძეს საფრთხედ ეჩვენება ნიშნავს, რომ კობახიძე, ისევე როგორც პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, საფრთხეა საქართველოს ევროპული კურსისთვის, სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.