მართალია, თანამედროების ბიზნეს-გენიოსად წოდებულმა ჰოვარდ შულცმა, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ყავის ბიზნესსა და მეწარმეობაში, მეტად რთული გზა გაიარა, მაგრამ ნოვატორობისკენ სწრაფვისა და არასტანდარტული ბიზნეს-იდეების, მკაცრად გაწერილი გეგმისა და სწორად შერჩეული სტრატეგიის წყალობით მაინც შეძლო კოლოსალური წარმატების მიღწევა.
იშვიათი ინტელექტის, ლიდერული თვისებების და კომერციული ალღოს მიუხედავად, ღარიბ ოჯახში დაბადებულ შულცს, რომელიც ადრეული ასაკიდან ნატრობდა დიდი ფულის შოვნას და გამდიდრებას, ნაკლებად ჰქონდა ოცნების ასრულების შანსი, რადგან არც წარჩინებული წარმომავლობა უწყობდა ხელს, არც საწყისი კაპირალი, თუმცა, მიზანდასახული და ამბიციური ახალგაზრდა დაბრკოლებებს არ შეუშინდა და მართალია, 1980-იანი წლების დასაწყისში არავინ იცნობდა, მაგრამ კომპანია Starbucks-ში მისვლისთანავე რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება, რადგან გრძელი, თუმცა მეტად საინტერესო აღმოჩნდა გზა მრავალმილიონიანი ბიზნესისკენ.
ნიჭიერმა ახალგაზრდამ სწრაფად მოიპოვა კოლეგების პატივისცემა ლიდერული თვისებებისა და ორგანიზატორული ნიჭის, კრეატივისა და მუდმივად ახალი იდეების წყალობით. შულცმა სულ რამდენიმე წელში შეძლო ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და კომპანიის ერთგვარ ფენომენად ქცევა ბიზნეს-სამყაროში. დღეს 69 წლის ჰოვარდ შულცი, რომელიც დამსახურებული პენსიით სარგებლობს, 4,1 მილიარდი დოლარის მფლობელია და 212 ადგილზე იკავებს Forbs-ის რეიტინგში.
ჰოვარდ შულცი 1953 წლის 19 ივლისს დაიბადა ნაკლებად სახარბიელო სოციალურ გარემოში, რადგან ნიუ-იორკული ბრუკლინი არა მხოლოდ ქალაქის, არამედ ამერკის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილ, ღატაკ და უღიმღამო რაიონად ითვლებოდა ერთის მხრივ, დაბალი სოციალური ფენის მოსახლეობის, მეორეს მხრივ, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და კრიმინალის მაღალი დონის წყალობით.
ადგილობრივი მოზარდების გართობის ერთადერთ ადგილს კალათბურთის მოედანი წარმოადგენდა, სადაც მცირეწლოვანი ჰოვარდი მთელ თავისუფალ დროს ატარებდა. შეუძლებელი იყო ბრუკლინში კარგი განათლების მიღებაც, რადგან პედაგოგები ნაკლებად ინტერესდებოდნენ მოზარდების ინტელექტუალური შესაძლებლობებით, მშობლების ერთადერთ საზრუნავs კი, დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა წარმოადგენდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰოვარდს, რომლის ოჯახს საკვებზე არ ჰყოფნიდა ფული, ოცნებაც არ შეეძლო ფასიან სწავლებაზე ან უმაღლეს განათლებაზე.
სხვა ამერიკული ოჯახების მსგავსად ჰოვარდის მშობლებიც ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ. ფრედ და ელეინ შულცებს არც განათლება ჰქონდათ, არც პრესტიჟული სამუშაო. მეტიც, ოჯახი მუნიციპალურ სახლში ცხოვრობდა, რომელიც ქალაქის მთავრობისგან მიიღო, რადგან საკუთარის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ფრედის შემოსავალი ყოველთვის იღბალზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ნებისმიერ სამუშაოს სიხარულით თანხმდებოდა, ელეინი კი, რომელსაც მომხიბვლელობის მიუხედავად მკაცრი, მტკიცე ხასიათი ჰქონდა, ხელსაქმით, მეტწილად კერვით ცდილობდა ოჯახის ბიუჯეტის შევსებას, თუმცა არც სამ მშვილზე ზრუნვას ივიწყებდა, რომელთა შორის სწორედ ჰოვარდი იყო უფროსი.
მძიმე ბავშვობამ მომავალი ბიზნესმენი ადრეული ასაკიდანვე გააკაჟა და არა მხოლოდ ნებისმიერ სიტუაციას სწრაფად მორგება, არამედ რადიკალურად განსხვავებული კულტურისა და მენტალიტეტის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ასწავლა.
მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, შულცმა მაინც მაქსიმუმის მიღება შეძლო ბრუკლინის საშუალო სკოლაში, გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი რთული არჩევანის წინაშე დადგა, რადგან ვერაფრით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და შეთავსებით მუშაობა თუ განათლების მიღებაზე უარის თქმით პირდაპირ სამუშაოს ძებნა ჯობდა. გადაწყვეტილების მიღებაში ჰოვარდს მამა დაეხმარა, რომელმაც სწავლის გაგრძელება ურჩია, მით უფრო, რომ სუსტი ნებისყოფისა და დაბალი მოტივაციის გამო, შულცების საგვარეულოში არავის მიუღია უმაღლესი განათლება.
ჰოვარდმა ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც განსაკუთრებული პრესტიჟულობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა დამაკმაყოფილებელ ცოდნას მაინც უზრუნველყოფდა სხვადასხვა სფეროში. მართალია, 1975 წელს ბაკალავრის ხარისხი შულცმა კომუნიკაციის სფეროში მიიღო, მაგრამ სპეციალობით არასდროს უმუშავია.
სიღარიბეში გატარებული ბავშვობის კიდევ უპირატესობად იქცა ადრეული ასაკიდან მუშაობის უნარი. ჰოვარდი ყოველთვის უთანაგრძნობდა მამას, რომელიც ნებისმიერ მძიმე სამუშაოს ჰკიდებდა ხელს ზედმეტი დოლარის შოვნის იმედით, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ, სპეციალობის არჩევისა და საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე შულცმა სხვადასხვა სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები მიჩიგანის სათხილამურო ბაზის ჩათვლით, სადაც მისი იმპულსურობისა და მუდამ საუკეთესოს მოძიების სურვილის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდხანს - მთელი წელი იმუშავა, მერე კი, ნიუ-იორკში, კომპანია Xerox-ში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ 1970-იან წლების ბოლოს Xerox მსოფლიოში წამყვან ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელ კომპანიად ითვლებოდა, სადაც რიგით გამყიდვლად მოწყობაც სერიოზულ წინსვლას ნიშნავდა. სწორედ გამყიდველის პოზიციიდან შეუდგა შულცი უმსხვილეს კომპანიაში მუშაობას, რაც ნათლად მეტყველებდა მის კრეატიულ აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე, მით უფრო, რომ მის შემოსავალს სწორედ კლიენტების სიმრავლე განსაზღვრავდა.
მართალია, შულცმა სწრაფად მოიპოვა Xerox-ის ხელმძღვანელობის ნდობა, მაგრამ მიხვდა, რომ კარიერული ზრდისთვის ბევრად სოლიდური მიზნები სჭირდებოდა. 1979 წელს ჰოვარდმა შვედურ საინვესტიციო-საწარმოო კომპანიის PAI Partners-ის ამერიკულ ფილიალში Hammarplast-ში დაიწყო მუშაობა, რომლის მთავარ მიზანს ყავის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჰოვარდმა ახალ კომპანიაშიც გამოიჩინა თავი და სულ რამდენიმე თვეში ჩაიბარა გენერალური დირექტორის პოსტი. აღსანიშნავია, რომ Hammarplast-მა სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაზარდა წარმოება, შეიძინა ახალი პარტნიორები და ახალი კლიენტები, შეცვალა ძველი პრინციპები და განავითარა ახალი მიმართულებები.
Starbucks შულცმა 1982 წელს გაიცნო, თუმცა ყავის კომპანია მანამდეც არსებობდა და მართალია, ინტენსიურად, მაგრამ მხოლოდ ვიწრო მიმართულებით ვითარდებოდა, რადგან 1971 წლიდან ანუ დაარსების დღიდან მხოლოდ ყავის დამუშავებასა და მის რეალიზაციაზე ზრუნავდა, მთელ მსოფლიოში გავრცელებული კაფეების გახსნაზე კი, რაც შულცის ინოვაციად იქცა, კომპანიის მფლობელები ზევ სიგლი, გორდონ ბოუკერი და ჯერი ბოლდუინი არც ფიქრობდნენ, რადგან 1970-იან წლებში ყავახანები ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ. მართალია, 1980-იან წლებში ყავის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ Starbucks-ის მფლობელებმა მაინც არ მოინდომეს გაფართოება, რადგან გარისკვას უკვე არსებულით დაკმაყოფილება ამჯობინეს.
კონუსურ ფილტრებს ყავის აპარატებისთვის Starbucks Coffee Company-ის მესვეურები სწორედ შულცის კომპანიისგან Hammarplast-გან ყიდულობდნენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰოვარდი, რომელიც სერიოზულ კლიენტად მიიჩნევდა კომპანიას, თავად ეწვია მის მფლობელებს სიეტლში. აღსანიშნავია, რომ Starbucks-ის კონცეფციით აღფრთოვანებულმა შულცმა სწორედ მასთან გადაწყვიტა კარიერული ზრდა, რადგან ჩათვალა, რომ სწორად განვითარების შემთხვევაში კომპანიას ბევრად მეტი მოგების მოტანა შეეძლო, თუმცა აუცილებელი იყო რადიკალური ცვლილებები რაც პირველ რიგში საქმიანობის მოდელის შეცვლას გულისხმობდა.
მართალია, 1982 წელს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნული შულცი მუდმივად განვითარების და განახლების აუცილებლობის შესახებ ახსენებდა მფლობელებს, მაგრამ სიგლის, ბოუკერისა და ბოლდუინის ტრიო ისევ ჯიუტად უარყოფდა ჰოვარდის შეთავაზებას, თუმცა 1983 წელს, შულცის იტალიაში ვიზიტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მილანში მივლინების დროს ჰოვარდი ყავის ადგილობრივ ტრადიციებს, ახალ რეცეპტებს გაეცნო, ყავის მომზადების იტალიური ფილოსოფია შეისწავლა და ესპრესო შეიყვარა, ამერიკაში დაბრუნებულმა კი, საკუთარი შთაბეჭდილებები პარტნიორებს გაუზიარა, რომელთაც მოიწონეს მისი იდეა, თუმცა ესპრესოს გაყიდვაზე მაინც უარი თქვეს,
Starbucks-ში მოპოვებული პატივისცემის მიუხედავად, შულცმა მაინც დამოუკიდებლად მოინდომა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება და ისევ მილანში გაემგზავრა, სადაც 500-მდე ყავახანა შეისწავლა, მერე კი, საკუთარი ყავის სახლის კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც კაფესა და მაღაზიას გააერთიანებდა სრულფასოვანი მომსახურებით ანუ მომხმარებელს ერთის მხრივ, ყავის დაგემოვნებას, მეორეს მხრივ, ყავის მარცვლებს შესთავაზებდა არომატული სასმელის დამოუკიდებლად მოსამზადებლად.
საწყისი კაპიტალით, რომელმაც 400 ათასი დოლარი შეადგინა, შულცი ძველმა პარტნიორებმა ბოლდუინმა და ბიუკერმა უზრუნველყვეს, ვისთანაც ჰოვარდმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ინვესტორის სტატუსით Starbucks-ის მფლობელებმა 150 ათასი დოლარი დააბანდეს წამოწყებაში, რასაც შულცის მეგობრის, ექიმის რონ მარგოლისის 100 ათასი დაემატა. მართალია, მარგოლისი შორს იყო ბიზნესისგან, მაგრამ ძალიან მოსწონდა პერსპექტიულ პროექტებში ფინანსურად მონაწილეობა, რითაც მანამდეც ბევრჯერ იხეირა.
აღსანიშნავია, რომ მაღაზიის გახნისა და ესპრესოს პოპულარიზაციის იდეით შულცმა 242 პოტენციალურ ინვესტროს მიმართა, თუმცა მხოლოდ 25 დაითანხმა მინიმალური დაფინანსების გაცემაზე, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 1980-იან წლებში ნაკლებად აქტუალური ესპრესოს წარმატების არავის სჯეროდა, ფუჭად გარისკვა კი, ბიზნესმენებს არასდროს უყვარდათ, ერთადერთ გამონაკლისად ისევ შულცი იქცა, რომელმაც უზარმაზარი ფსონი დადო საკუთარ იდეაზე და ერთი წამითაც არ უფიქრია მარცხზე.
იტალიაში შეყვარებულმა ჰოვარდმა ჯერ Il Giornale უწოდა ახლადგახსნილ მაღაზიას იმ გაზეთის პატივსაცემად, რომელსაც მოგზაურობისას კითხულობდა, მერე რამდენიმე ინოვაცია დაამკვიდრა. შულცი არა მხოლოდ ყავის მარცვლებს ჰყიდდა, არამედ არომატულ სასმელსაც სთავაზობდა მომხმარებელს ნაყინთან, ფუნთუშებთან ერთად და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი იტალიური მუსკის ფონზე. წამოწყებამ გაამართლა, ყავის მოყვარულები ერთიანად მიწყდნენ მაღაზიას, სადაც კომფორტულ გარემოში დააგემოვნეს საყვარელი სასმელი.
გარდამტეხი 1987 წელი აღმოჩნდა, როცა Starbucks-ის მფლობელებმა ახალ პროექტზე გადაწყვიტეს ყურადღების გამახვილება და შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ მასში ჩადეს, საცალო ვაჭრობის განყოფილება, კი, რომელსაც ოდესღაც შულცი ხელმძღვანელობდა, კომპანიას Il Giornale-ს მიჰყიდეს, რითაც სწრაფად და შეუზღუდავად განვითარების საშუალება მისცეს. რა თქმა უნდა, შულცმა სრულად გამოიყენა შანსი და სწორედ Starbucks-ის სახელის შენარჩუნებით დაიპყრო ამერიკული ბაზარი.
1990-იან წლებში Starbucks-ის ყავის სახლებმა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც მოიპოვეს პოპულარობა, თუმცა შულცი მაინც არ დაკმაყოფილდა მიღწეულით, 2000-იანი წლების დასაწყისში გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და ბევრად მნიშვნელოვანს - ახალი გლობალური სტრატეგიის შემუშავებას შეუდგა. სწორედ გლობალური კონცეფციის წყალობით დაიპყრო შულცმა აზიის და პირველ რიგში ჩინეთის გიგანტური ბაზარი და მართალია, 2008 წლის კრიზისმა მისი იმპერია შეარყია, მაგრამ ჩვეული ოპერატიულობისა და გონებაგამჭრიახობის წყალობით ისევ მინიმალური დანაკარგით დაძლია რთული პერიოდი.
საბოლოოდ შულცმა 2018 წელს დატოვა Starbucks. მართალია, დღეს ის აღარ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებასა და კომპანიის განვითარების დაგეგმვაში, მაგრამ პასიურად მაინც აკონტროლებს მას, კომპანიას ხელმძღვანელობისთვის მეგობრული რჩევის მიცემით, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს საკუთარი კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შეიმუშავა.