ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ვალენსიას 22 წლის ქართველი მეკარე სელტასთნ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:1) დამაჯერებელი თამაშისთვის გამოარჩიეს.
გიორგის ვიგოში 5 სეივი ჰქონდა და სტუმართა პირველ გოლშიც მონაწილეობდა. მატჩის მე-8 წუთზე მამარდაშვილმა გრძელი პასი გაუკეთა დიეგო ლოპესს, რომელმაც ფლანგიდან ჯასტინ კლუივერტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს. მანამდე მსგავსი აღიარება მას მე-20 ტურში, ჟირონასთან შეხვედრაში (0:1) ნაჩვენები თამაშის გამო ჰქონდა.
2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე უკვე 93 სეივია, რაც მეხუთე შედეგია ლა ლიგის მეკარეებს შორის. გიორგის წინ 116 სეივით ხეტაფერს გოლკიპერი დავიდ სორიაა, რეიტინგის ლიდერი კი ელჩეს კარის დარაჯი ედგარ ბადიაა (124).
ვალენსიას, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, სელტასთან გამარჯვების შემდეგ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება, რუბენ ბარახას გუნდი კი მომდევნო ტურის შეხვედრას 21 მაისს, შინ მადრიდის რეალთან ჩაატარებს.