რომის მასტერსზე კარლოს ალკარასის მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა - ტურნირს მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა, იგი 20 წლის დანიელ ჩოგბურთელთან, ჰოლგერ რუნესთან სამ სეტში დამარცხდა.
ამგვარად, რომის მასტერსი რეიტინგის პირველი და მეორე ნომრების გარეშე გაგრძელდება. სათქმელია ისიც, რომ ახალგაზრდა დანიელმა ნოვაკი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, ისინი ერთმანეთს პირველად ამერიკის ღია პირველობაზე შეხვდნენ, სადაც გამარჯვება "ჯოკერს" დარჩა, მეორე შეხვედრა გასულ წელს პარიზში გაიმართა და რუნემ მოიგო, 20 წლის ჩოგბურთელი კორტზე ამჯერადაც შეუჩერებელი იყო.
ვთქვათ მატჩის მიმდინარეობაზე: რუნემ თამაში თავიდანვე აქტიურად და აგრესიულად დაიწყო, მან მრისხანე მეტოქე პირველივე გეიმში დააბრეიკა, ნოლე სეტში დასარჩენად იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში 20 წლის დანიელი საჭირო ქულებს იღებდა და პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა - გრძელი და ლამაზი გათამაშებებით.
მეორე სეტში თამაში წვიმის გამო შეწყდა, როგორც აღმოჩნდა, პაუზამ ნოვაკზე დადებითად იმოქმედა - 22-გზის დიდი სლემის მფლობელმა თამაში გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა. მესამე სეტში რუნემ ბრწყინვალე ჩოგბურთი ითამაშა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. აშკარაა, რომ ახალგაზრდა დანიელს უდიდესი პოტენციალი აქვს. იგი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. საერთო ჯამში, მან ნოვაკის წინააღმდეგ მხოლოდ 4 უნებლიე შეცდომა დაუშვა (4:18) და მეტოქეზე ორით მეტი ვინერსი შეასრულა (27:25). რუნე რომის მასტერსის ნახევარფინალში ფრანსისკო სერუნდოლოსა და კასპერ რუდს შორის გამარჯვებულს შეხვდება.