ცნობილმა კანადელმა პოპმომღერალმა The Weeknd სოციალურ ქსელებში თავისი ნამდვილი სახელი, აბელ ტესფაიე, დაიბრუნა. მუსიკოსმა ჯერ აპრილის თვეში ჰკითხა თავის გამომწერებს, ღირდა თუ არა, ფსევდონიმი რეალური სახელით ჩაენაცვლებინა. ასი ათასზე მეტი მოწონების მიღების შემდეგ კი, როგორც ჩანს, ვარსკვლავმა გადაწყვეტილება მიიღო.
სხვათა შორის მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "The Weeknd-ის მოკვლა სურდა", რადგან ამ სახელით უკვე თქვა ყველაფერი, რაც სურდა.
"ახლა განწმენდის გზას ვადგავარ", — აღნიშნა მომღერალმა, — "დგება დრო, როცა მზად ვიქნები, ეს თავი დავხურო".
ამის მიუხედავად, აბელის მომდევნო ალბომი, სავარაუდოდ, კვლავაც The Weeknd-ის სახელით გამოვა — ამჯერად უკანასკნელად.
33 წლის აბელ ტესფაიე წარმოშობით ეთიოპიელი მუსიკოსია. მომღერალმა კარიერა 2000-იანი წლების მიწურულს დაიწყო, თუმცა, საყოველთაო პოპულარობა სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა. ტესფაიეს ამ დრომდე გრემის ოთხი ჯილდო აქვს მოპოვებული. მის სახელზეა 75 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერიც. ჟურნალმა Time-მა კი The Weeknd 2020 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რამდენიმე კვირის წინ იგი ასევე გახდა გინესის რეკორდსმენი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკოსი.