მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე წლის პირველი ფინალისტი გახდა. მან ნახევარფინალის მეორე შეხვედრში „მილანი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ორი შეხვედრის ჯამში 3 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა 74-ე წუთზე მეკარე მაიკ მენიოს შეცდომის შემდეგ გაიტანა.
„მილანს“ პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში „ინტერმა“ მეტოქეს არაფრის საშუალება მისცა. პირველ ტაიმში „მილანის“ მოსალოდნელი გოლის ინდექსი 0.45-ს გაუტოლდა, თუმცა მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი 0.09-მდე დავიდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც არაზუსტად. საბოლოოდ, ნახევარფინალური ეტაპის ორ მატჩში „მილანს“, ჯამში, ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში „ინტერმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მილანური დერბი, ბურთების შეფარდება კი გამანადგურებელია - მოცემულ შეხვედრებში „ნერაძურიმ“ „როსონერი“ ანგარიშით 7:0 დაამარცხა.
2010 წლის შემდეგ „ინტერი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სულ კი ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის და ჩემპიონთა თასის ფინალში მეექვსედ ითამაშებს. წინა ხუთი ფინალიდან მან სამი მოიგო და ორი წააგო.