კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - 7-დან 4 წონაში ლიდერობა არავის დაუთმეს ქართველმა სპორტსმენებმა.
აქამდე წონის ლიდერები იყვნენ 73 კილოგრამში ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი, 81 კილოგრამში მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და 100 კილოგრამში ილია სულამანიძე, მათ რიგებს კი უკვე მოქმედი მსოფლიოსა და ევროპოს ჩემპიონი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე შეემატა. მათ გარდა პოზიცია შეინარჩუნა 60 კილოგრამში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთი პოზიციით დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი და მეხუთე ადგილზეა. 90 კილოგრამში დაწინაურდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალი ლუკა მაისურაძესთან დათმო და ის ახლა რეიტინგში მე-4 ადგილზეა, მეხუთეზე კი ბექა ღვინიაშვილია. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მე-9 ადიგლზეა ლეგენდარული ძიუდოისტი და ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. რაც შეეხება +100 კილოგრამში 11 ადგილზეა გელა ზაალიშვილი, ხოლო მე13 პოზიციაზეა გურამ თუშიშვილი. რაც შეეხება ქალებს, ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამში მე-7 ადგილზეა, ეთერ ასკილაშვილი 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთბაშად 14 საფეხურით დაწინაურდა და 79-ზე გადავიდა, 78 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარიამ ჩანტურია 71 პოზიციაზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი 1 პოზიციით დაწინაურდა და ის ასხლა მე-17 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კილოგრამში გიორგი სარდალაშვილმა. ოქროს მედალი იზეიმეს ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ, ხოლო ვერცხლის მედალს დასჯერდა ლაშა ბექაური.