კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველებმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გერმანიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 4:2 სძლიეს.
ჩვენი ნაკრებიდან შეხვედრები ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიგეს.
საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა. პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლეთს ანგარიშით 4:2 აჯობეს. ეთერ ლიპარტელიანმა, ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს, რასაც ლაშა ბექაურის გამარჯვებაც დაემატა. მონღოლებთან გელა ზაალიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდნენ, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 4:2 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.
ბრაზილიასთან მერვედფინალში გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიგეს, ხოლო ლიპარტელიანი, ასკილაშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ. გადამწყვეტი ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ რაფაელ მასედოს ისევ აჯობა და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა.
მეოთხედფინალში საქართველოს უძლიერეს იაპონიასთან დაპირისპირება მოუწია და უშანსოდ, 1:4 წააგო. ამ დაპირისპირების პირველ დუელში თუშიშვილმა ცაცურუ საიტოს რამდენიმე წამში იპონით ულამაზეს სტილში აჯობა. სხვათა შორის, თუშიშვილი გუშინ ინდივიდუალურ შეჯიბრს სწორედ საიტოსთან მარცხით გამოეთიშა და დღეს რევანში აიღო. მომდევნო 4 ბრძოლა მეტოქეებმა მოიგეს. ლიპარტელიანი და ასკილაშვილი დამარცხდნენ, კოტე კაპანაძემ დამატებით დროში დათმო ბრძოლა სოიჩი ჰაშიმოტოსთან, ხოლო მაისურაძემ გოკი ტაჯიმასთან ვერაფერი გააწყო და ვაზარით წააგო.
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა, რომელიც 4:2 დაამარცხა. ლიპარტელიანმა, მაისურაძემ, სომხიშვილმა და თუშიშვილმა მოიგეს, ხოლო ასკილაშვილმა და შავდათუაშვილმა წააგეს. გადამწყვეტი იყო გურამ თუშიშვილის მოგება, რომელმაც ალიშერ იუსუპოვი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე, ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ასევე მესამე ადგილი დაიკავა 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა. მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.