პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება პროცედურა და კვორუმი - ამიერიდან ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად უკვე უბრალო უმრავლესობა, 76 ხმა იქნება საჭირო. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან. ინიციატორთა განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. დაგეგმილ ცვლილებას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებად აღიქვამს ოპოზიცია.