საქართველოს პარლამენტი 12 რეკომენდაციაზე მუშაობას აგრძელებს. 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონპროექტის მიხედვით, დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესიც. აღნიშნული ინიციატივები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა მხარი უკვე დაუჭირა.