უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რუსეთთან ომსა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი თქმით, პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო უკრაინელი ბავშვების გატაცების საკითხსაც.
„დიდი ყურადღება დაეთმო ასევე რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების საკითხს. ეს უნდა შეწყდეს, ბავშვები თავიანთ სახლებში უნდა დაბრუნდნენ და რუსები უნდა დაისაჯონ“, - დაწერა ერმაკმა „ტელეგრამ“ არხზე.
მისივე ინფორმაციით, რომის ქუჩებში უამრავი ადამიანი შეიკრიბა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად.
„რომში, წვიმის მიუხედავად, ქუჩებში უამრავი ხალხია და ჩვენ უკრაინის მიმართ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ“, - დაწერა ერმაკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიას დღეს ეწვია. იტალიელი კოლეგის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანთან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპსაც შეხვდება.