ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კრივში ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. სამოყვარულო კრივის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასასვლელად სამი ქართველი მოკრივე იბრძოდა: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი 1/2-ფინალში დამარცხდნენ, ხოლო სახილ ალახვერდოვი ჩემპიონობისთვის იჩხუბებს.
24 წლის ალახვერდოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი 2021 წელს აქვს მოპოვებული და ხვალ, 14 მაისს ოქროსთვის იჩხუბებს. ევროპის მოქმედ ჩემპიონს 48-კგ წონით კატეგორიაში კუბელ ალეხანდრო კლაროსთან უნდა ებრძოლა, თუმცა მეტოქე ტრავმის გამო მატჩს ჩაეხსნა. ფინალში სახილის მეტოქე ყაზახი სანჟარ ტაშკენბაი იქნება.
ნახევარფინალური დაპირისპირება დათმეს ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა. ლაშამ ყაზახ დულატ ბეკბაუროვთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო, გიორგი, კი წარმოშობით კუბელ, ახლა აზერბაიჯანის წარმომადგენელ ლორენ ალფონსოსთან დამარცხდა. ორივე მათგანი ბრინჯაოს მედალს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან კრივის მსოფლიოს ჩემპიონატებზე სოლიდური ფულადი პრიზები თამაშდება. ყველა ჩემპიონი შეჯიბრზე გამარჯვების სანაცვლოდ 200 000 აშშ დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულებს 100 000 დოლარი გადაეცემათ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 50 000 დოლარით დააჯილდოებენ.