საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება. მოქმედი ჩემპიონი, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა და „ჰაპოელ იერუსალიმთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალს მალაგა მასპინძლობს და შერმადინის გუნდი სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს იყო. „ლენოვო ტენერიფემ“ საწყისი 3 მეოთხედი ცუდად ჩაატარა
და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით აგებდა, თუმცა თამაშში დაბრუნდა. შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ოთხი ქულით დაწინაურდნენ - 67:63.
საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე, ქართველმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში 68:67 გახადა. მომდევნო შეტევაში „ჰაპოელ იერუსალიმი“ 2-ქულიანით წინ გაიჭრა და „ლენოვო ტენერიფეს“ მოსაგებად 20 წამი ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია
შერმადინმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ესპანელთა მაისურით, მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასს ჰქონდა - 20.
ქართველმა კალათბურთელმა ისტორია დაწერა, ის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 900-ქულიან ნიშნულს გადასცდა და მეორე კალათბურთელი გახდა, ვინც ეს გააკეთა. ამ ტურნირზე მასზე მეტი ქულა მხოლოდ ვოიტეხ ჰრუბანს აქვს ჩაგდებული - (996).