კახეთში მეხორბლე ფერმერებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიიღეს. მანამდე კი რამდენიმე წუთის განმავლობაში წნორი - ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და დაზიანებული ხორბალი გაშალეს. ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს კონკრეტული მოთხოვნები გააცნეს და მათ შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი დასაწყობებული აქვთ, რადგან კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორედ იმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერმერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მარცვლეულზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა რუსეთიდან იაფი ფქვილის იმპორტის ზრდამ გამოიწვია. რუსული ფქვილის მასობრივად შემოტანამ ჯერ წისქვილკომბინატები დატოვა უფუნქციოდ, ახლა კი მოსავლის რეალიზების პრობლემა უკვე ხორბლის მწარმოებლებს დაუდგათ.
ფერმერების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები აქვთ, რის გამოც ფინანსური ინსტიტუტები მათ აიძულებენ მოსავალი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდონ და სესხს მოემსახურონ. ფერმერების ნაწილს კი უზრუნველყოფის სახით ბანკებში მიწა აქვთ ჩადებული და შიშობენ, რომ შექმნილი სირთულეების გამო შესაძლოა ქონება დაკარგონ.