ზედიზედ მესამე ტურია, საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა ორი ქართველი დაასახელა.
34-ე ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდის მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.
ორივე ქართველი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 34-ე ტურის 11 რჩეულში დაასახელა – მიქაუტაძე მარცხენა ფლანგის შემტევის როლში, დავითაშვილი კი – მარჯვენა ფლანგზე. შეგახსენებთ, რომ ქართველები ბოლო შეხვედრებს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ატარებენ და 32-ე და 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდნენ.
ამავე დროს, მიქაუტაძე ლიგა 2--ის ოფიციალურმა გვერდმა აპრილის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატებს შორის დაასახელა, ხოლო „მეცის“ გულშემატკივრებმა გიორგი აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აირჩიეს.