ლეგენდარულმა მუსიკოსმა, რომლის სავიზიტო ბარათად ოდნავ ხრინწიანი ვოკალი და მომაჯადოებელი ღიმილი იქცა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჯაზური მუსიკის განვითარებაში და უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა რამდენიმე თაობის მელომანებს.
მართალია, ოფიციალური მონაცემებით ლუი არმსტრონგი 1900 წლის 4 ივლისს დაიბადა ახალ ორლეანში, მაგრამ მუსიკოსმა სიცოცხლის ბოლომდე არ იცოდა დაბადების რეალური თარიღი, ამიტომ თვითონ მოიგონა და ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტებმა ნათლობის მოწმობა მოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ არმსტრონგი ზუსტად ერთი თვითა და ერთი წლით შეცდა, რადგან სინამდვილეში 1901 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.
5 წლამდე ლუის ბებია ზრდიდა, მერე კი, ისევ დედას დაუბრუნდა და უმძიმესი ბავშვობა გაატარა ახალი ორლეანის ღატაკ და მეტად სახიფათო კვარტალში, რომელსაც მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამო ხშირად „ბრძოლის ველსაც“ ეძახდნენ. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა არმსტრონგის ცხოვრება, რომ არა შემთხვევითი ნაცნობობა მეზობლებთან - ლიტვიდან ემიგრირებულ კარნოფსკების ებრაულ ოჯახთან.
ნახშირით მოვაჭრე მორის კარნოფსკი მცირეწლოვან ლუის, რომელიც პრაქტიკულად ობლად და სიღატაკეში გაიზარდა, წვრილმანი საქმის შესრულებისთვის უხდიდა გასამრჯელოს და ხშირად უმასპინძლდებოდა ტკბილეულით. მეტიც, არმსტრონგი პრაქტიკულად მესამე შვილად იქცა მორისისთვის, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა, მადლიერების ნიშნად კი, იდიში ისწავლა და სიცოცხლის ბოლომდე იუდეურ დავითის ვარსკვლავს ატარებდა.
სხვათა შორის, არმსტრონგის დებიუტიც სწორედ კარნოფსკის სავაჭრო ფურგონთან შედგა, როცა კლიენტების მისაზიდად სიმღერა და თუნუქის ქილაზე დაიწყო დაკვრა, მორისმა კი შეაქო და უთხრა, ნამდვილი ნიჭი ჰქონდა. მამად ქცეული კარნოფსკი დაეხმარა ლუის პირველი ინსტრუმენტის - კორნეტის შეძენაშიც, რომელიც მისთვის წარმოუდგენლად ძვირი - 5 დოლარი ღირდა.
ლუიმ სწრაფად ისწავლა კორნეტზე დაკვრა და თანატოლების კვარტეტს შეუერთდა, რომლებიც ქუჩაში მუზიცირებდნენ წვრილი ფულის სანაცვლოდ. სწორედ მაშინ შეიძინა არმსტრონგმა „საჩმოს“ ზედმეტსახელი ინგლისური Satchel Mouth-ის წყალობით, რაც „ჩანთიან პირს“ ან „საფულეს“ ნიშნავს. ამბობენ, თითქოს დაკვრით მიღებულ მონეტებს ლუი პირში მალავდა, რათა არავის წაერთმია, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად მეტსახელი არმსტრონგმა მეზობელი მოზარდებისგან მიიღო, რომლებიც დიდი პირის გამო დასცინოდნენ.
მუსიკოსს კიდევ ერთი - „პოპსის“ ზედმეტსახელი ჰქონდა, რომელიც გულმავიწყობის გამო შეიძინა. არმსტრონგს ნაცნობების სახელების დამახსოვრება უჭირდა, ამიტომ ყველას მარტივად - პოპს ანუ „მამილოს“ ეძახდა.
11 წლის ლუი, რომელმაც დედის მეგობარს პისტოლეტი მოჰპარა და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იქ გაუჩნდა ნოტების სწავლის სურვილი. მოგვიანებით, ბიოგრაფიულ წიგნში არმსტრონგმა აღნიშნა, რომ სწორედ პატიმრობამ განსაზღვრა მისი ცხოვრება და შემოქმედებითი წარმატება, რადგან მაშინ მიხვდა, როგორ ძალიან მოჰბეზრდა უსაქმურობა და ახლის სწავლა უნდოდა. კოლონია ლუიმ 13 წლის ასაკში დატოვა და მას შემდეგ არც მუსიკალური განათლება მიუღია, არც საშუალო სკოლა დაუმთავრებია.
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მოზარდმა სამუშაოს ძებნა დაიწყო და რამდენიმე საკლუბო ორკესტრში მოასწრო დაკვრა, სანამ ცნობილმა კორნეტისტმა კინგ ოლივერმა არ შეიფარა. სწორედ ოლივერს მიიჩნევდა არმსტრონგი საუკეთესო მეგობრად და ერთადერთ პედაგოგად, მისივე ორკესტრში შეძლო საკუთარი ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენაც, როცა სხვა ჯაზ-მუსიკოსებისგან განსხვავებით პირველმა შეასრულა სოლო პარტია საყვირზე, ერთ-ერთ კონცერტზე კი, ყველასთვის მოულოდნელად ამღერდა.
ნამდვილი აღიარება მუსიკოსმა 1920-იანი წლების ბოლოს, ნიუ-იორკში გადაბარგების და ადგილობრივ ორკესტრში გაერთიანების შემდეგ მოიპოვა. მეტიც, ჯაზის მოყვარულები სწორედ არმსტრონგის სოლო პარტიების მოსასმენად სტუმრობდნენ ბენდის კონცერტებს, მით უფრო, რომ იმ პერიოდში მუსიკოსმა სრული იმპროვიზაციის საკუთარი უნიკალური სტილის ფორმირებაც მოახერხა.
არმსტრონგის სავიზიტო ბარათად დაბალი ხმა იქცა დამახასიათებელი ხრინწით, რომლის მიბაძვა ბევრმა სცადა, მაგრამ არავის გამოუვიდა. სხვათა შორის, მუსიკოსმა, რომელსაც ძალიან არ მოსწონდა საკუთარი ტემბრი, ოპერაციაც კი გაიკეთა ხმის იოგებზე. საბედნიეროდ, მედიკოსთა ჩარევამ არ გაამართლა, რადგან „საჩმოს“ ხმის შეცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც მოგვიანებით თავად მუსიკოსმაც დააფასა.
აღსანიშნავია, რომ საყვირზე დაკვრის განსაკუთრებული, ხშირად აგრესიული მანერის გამო არმსტრონგმა ინსტრუმენტის მუნდშტუკით დაიზიანა ტუჩები. მუსიკოსმა უკიდურეს ზომასაც კი მიმართა და ერთ მშვენიერ დღეს სამართებლით მოიჭრა „ხესავით გამაგრებული“ კოჟრები დეფორმირებულ ტუჩებზე, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვით აღმოჩნდა კლინიკაში. სხვათა შორის, დღეს მუსიკოსების მსგავს დაავადებას „საჩმოს სინდრომი“ ჰქვია.
ლუიმ არა მხოლოდ თეთრკანიანი ელიტის პატივისცემა დაიმსახურა, არამედ ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. არმსტრონგი, რომელიც 1950-იან წლებში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად და შოუმენად ითვლებოდა, ინტენსიურად სტუმრობდა ევროპის ქვეყნებს მასშტაბური კონცერტებით. მეტიც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მუსიკოსს „ჯაზის ელჩის“ ტიტულიც კი მიანიჭა, რაც განუსაზღვრელ უფლებებსა და მსოფლიო გასტროლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობდა.