„მე მსოფლიოში საუკეთესო თვითმფრინავს შევქმნი!“ - საკუთარ თავს შეჰპირდა უილიამ ბოინგი, როცა პირველად ნახა ჰაერში ფრინველივით მსუბუქად მონავარდე უზარმაზარი რკინის მაქინა. მართალია, თავის დროზე ახალგაზრდა ბოინგმა იელის უნივერსიტეტში სწავლაზე თქვა უარი მამის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად და ხის მასალის საწარმოებლად, მაგრამ ამერიკელი ავიატორების შეკრებაზე შემთხვევით მოხვედრილმა რადიკალურად შეცვალა საქმიანობის სფერო და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა შეასრულა, არამედ უმსხვილესი ავიასამშენებლო კომპანია შექმნა და სამუდამოდ დაიმკვიდრა სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებლის სახელი.
უილიამ ედვარდ ბოინგი 1881 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა დეტროიტში, გერმანული წარმოშობის შეძლებული მეწარმის ვილჰელმ ბოინგის ოჯახში, რომელმაც უზარმაზარი ქონება ხის და მეტალურგიული ქარხნების, მიწის ნაკვეთების და წარმატებული კომპანიების აქციები შეძენით დააგროვა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მცირეწლოვანი უილიამი მშობლებმა შვეიცარიაში გაამგზავრეს ელიტარულ სკოლაში სასწავლებლად.
თუმცა, ვილჰელმის მოულოდნელმა გარდაცვალებამ უმცროს ბოინგს ამერიკაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შედარებით მოკრძალებულ კერძო სკოლაში აიძულა, საიდანაც იელის უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, 1903 წელს, დიპლომის მიღებამდე ერთი წლით ადრე სასწავლებელი მიატოვა და სიეტლში გაემგზავრა, საკუთარი საქმის დასაწყებად და ხის საწარმოს გასახსნელად. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში შეძლეს პირველი თვითმფრინავის კონსტრუქტორებად მიჩნეულმა ძმებმა - უილბერ და ორვილ რაიტებმა საკუთარი ბიპლანის საცდელი ფრენის განხორციელება და უზარმაზარი პოპულარობაც მოიპოვეს.
როგორც ჩანს, ბედისწერამ ბოინგის ნაცვლად გადაწყვიტა, როცა 1910 წელს სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ლოს-ანჯელესში ავიატორების შეკრებაზე და ერთი ნახვით მოიხიბლა ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ახალგაზრდა მფრინავებით, რომლებიც საოცარი სიმსუბუქით მართავდნენ უზარმაზარ მანქანებს ჰაერში. უილიამი დაუფიქრებლად ჩაეწერა მფრინავთა სკოლაში და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეიძინა პირველსავე ფრენით.
ავიაციით გატაცებულმა ბოინგმა სწრაფად მოიძია თანამოაზრე - საჰაერო-საზღვაო ძალების ლეიტენანტი კონრად ვესტერვალდი. მართალია, ამბიციური ახალგაზრდები საუკეთესო აეროპლანის აგების საერთო მიზანმა გააერთიანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ვესტერვალდმა პროექტი დატოვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანის - საფრენი აპარატის კონსტრუქციის შემუშავება და ნახაზების გაკეთება მაინც მოასწრო.
საჩუქრად მიღებული ნახაზების გულმოდგინედ დამუშავების შემდეგ, 1916 წლის 15 ივლისს ბოინგმა პირველი ჰიდროპლანი გამოცადა, რომელმაც მისივე ინიციალების B&W-ს წყალობით შეიძინა სახელი. პლანერს თავად უილიამი მართავდა და მართალია, საფრენმა აპარატმა მხოლოდ 300 მეტრის სიმაღლეზე შეძლო აფრენა, მაგრამ სწორედ წარმატებული დებიუტით შთაგონებულმა შექმნა ახალბედა ავიატორმა კომპანია Pacific Aero Products Co-ს, რომელიც ერთი წლის შემდეგ Boeing Airplane Co-ს გადაკეთდა.
რა თქმა უნდა, ბოინგის ჰიდროპლანი არაფრით განსხვავდებოდა უკვე არსებული მასიური და მოუქნელი საფრენი აპარატებისგან, თუმცა უილიამი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა, აეროდინამიკური მოწყობილობა იქირავა და აქტიურად შეუდგა მეცნიერულ კვლევებს და ექსპერიმენტებს საკუთარი ქმნილების დასახვეწად.
როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, წარმატება ბოინგის პირველმა მსოფლიო ომმა მოუტანა, როცა ავიატორმა განახლებული ჰიდროპლანი Model С გამოცადა პენსაკოლას სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. დახვეწილი მოდელი გამომგონებელთან ერთად სამხედრო ჩინოვნიკებმაც მოიწონეს, რომელთაც 50 პლანერი დაუკვეთეს ბოინგს მფრინავების ვარჯიშებისთვის. სოლიდური წინადადების მიღების შემდეგ უილიამმა პირველ რიგში კომპანიის თანამშრომლების შტატი გააფართოვა 30-დან 300-მდე, მერე კი, დაკვეთის შესრულებას შეუდგა სიეტლთან ახლოს მოწყობილ საწარმოში, რომელიც 1900-იანი წლების ყველაზე სრულყოფილ საავიაციო ქარხნად იქცა.
თუმცა, სწრაფად მიღებული შესაძლებლობები, ბოინგმა სწრაფადვე დაკარგა, რადგან ომის დასრულების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა სახელმწიფო დაკვეთები, Boeing Airplane კი, გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა. სამხედრო პლანერების წარმოების შეჩერების შემდეგ, უილიამმა სამგზავრო თვითმფრინავების კონსტრუირებაც უკეთესი დროისთვის გადადო, რადგან ჩათვალა, რომ საზოგადოება არ იყო მზად სამოქალაქო ავიაციისთვის, თუმცა მაინც შეძლო კომპრომისის მოძიება და ავიაფოსტა - კორესპონდენციის შორ მანძილზე დროულად მიწოდების სერვისი გამართა, სპეციალური თვითმფრინავი - Model С-700 შეიმუშავა და სწორედ ასე შეძლო კრიზისის დაძლევა.
ავიატორის გონებამახვილობა და შრომისუნარიანობა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, განსაკუთრებით ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააფასეს, რომელთაც სამხედრო ავიაციის განვითარება, ავიაგამანადგურებლის შექმნა გადაწყვიტეს და კონკურსი გამოაცხადეს. მართალია, კონკურენცია ბოინგს მეტად სოლიდურმა Curtiss Aeroplane and Motor Company-მ გაუწია, მაგრამ მისი Model 15 ბევრად სწრაფი და საიმედო, მობილური და მანევრული აღმოჩნდა, არც არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ საიმედო თვითმფრინავების წარმოება აქცია ავიატორმა საკუთარი კომპანიის პრიორიტეტად, რაც მის მიერ კონსტრუირებულმა ბომბდამშენმაც დაადასტურა, რომელმაც „მფრინავი ციხე-სიმაგრის“ სახელი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი იმდენად მყარად და საიმედოდ იყო აწყობილი, რომ მისი არა თუ ჩამოგდება, დაზიანებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. საკუთარი ქმნილების შესაძლებლობები ბოინგმა სპეციალურად მოწყობილ ჩვენებაზე, აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე წარადგინა, როცა დაკაწრული, თუმცა უვნებელი ბომბდამშენი წარმატებით დაეშვა მიწაზე, წვრილმანების სწრაფად შეკეთების შემდეგ კი, ისევ გასაფრენად მოემზადა.
სამხედრო საქმეში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ჭეშმარიტი ავიატორი მაინც მშვიდობიანი სამოქალაქო ავიაციის განვითარებას ნატრობდა. პირველ მცდელობად და ერთგვარ მოთელვად ხის Model 40 - ერთმოტორიანი ბიპლანი იქცა, საკმაოდ მოკრძალებული, 12 ცხენის ძალის ბენზინის ძრავით. აღსანიშნავია, რომ ამგვარ თვითმფრინავში განყოფილება საფოსტო გზავნილებისთვის, პირდაპირ პილოტის წინ იყო მოთავსებული, მგზავრს კი, ვიწრო კაბინაში უწევდა მოთავსება, რომელიც მაცივრის გაბარიტებს არ აღემატებოდა.
მართალია, ჟურნალისტების წყალობით, ბოინგის პირველმა თვითმფრინავებმა სწორედ „მფრინავი მაცივრების“ სახელი შეიძინეს, მაგრამ რეპუტაცია ტრადიციული საიმედოობით გაიმყარეს და რამდენიმე წლის მანძილზე არა მხოლოდ ასობით ტონა საფოსტო კორესპონდენცია გადაზიდეს, არამედ 5 ათასზე მეტი მგზავრიც გადაიყვანეს.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან 1928 წელს ბოინგმა ახალი „შედევრით“ – 12 მგზავრზე გათვლილი სამმოტორიანი ლაინერით Boeing 80-ით გააკვირვა პუბლიკა, რომელმაც „ციური ჰილტონის“ სახელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ახალ, ბევრად გაბარიტულ მოდელს მეტალის ფიუზელაჟი, გათბობა და ვენტილაცია, პილოტის ორადგილიანი კაბინა და ოთხრიგიანი სამგზავრო სალონი ჰქონდა ნატურალური ტყავის სავარძლებითა და მცირე ზომის ლამფებით. რა თქმა უნდა, დღეს მსგავსი კომფორტით არავინ იხიბლება, მაგრამ 1920-იანი წლების ბოლოს „ბოინგი“ ნამდვილ საოცრებად, ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ იქცა ჰაერში.
გასაკვირი არაა, რომ უამრავ ამერიკელს გაუჩნდა კომფორტულად მოგზაურობის სურვილი, მით უფრო, რომ პირველ რეისს, რომელიც სან-ფრანცისკოდან ჩიკაგოში განხორციელდა, ბორტგამცილებლებიც ამშვენებდნენ, თუმცა თანამედროვე ლამაზმანებისგან განსხვავებით, გასული საუკუნის დასაწყისში თვითმფრინავს სპორტული აღნაგობის ქალბატონები ემსახურებოდნენ, რადგან მათვე უწევდათ ლაინერის სადგომამდე მიგორება და ბენზინით სავსე ავზების ზიდვა.
1920-იანი წლების ბოლოს უილიამ ბოინგმა ოფიციალურად ჩაიბარა „ცის მეფის“ ტიტული, რადგან მისი Boeing Airplane & Transport Corporation ერთნაირი წარმატებით აგებდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვითმფრინავებს, ფლობდა აეროპორტებს და ავიაფოსტას, ახორციელებდა სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს.
თუმცა, მსგავს მონოპოლიაზე თვალის დახუჭვა ძალიან გაუჭირდა ამერიკის მთავრობას, რომელმაც სამ ნაწილად გაყო ბოინგის კორპორაცია - United Airlines-მა სამგზავრო გადაზიდვები ჩაიბარა, United Aircraft-მა და Boeing Aircraft Company-მა კი, ამერიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროზე თვითმფრინავების შენება ითავეს.
რა თქმა უნდა, მთავრობის გადაწყვეტილებამ საშინლად გული დაწყვიტა თავად ბოინგს, რომელმაც აქციების სრული პაკეტი გაყიდა და განაწყენებულმა დატოვა საკუთარი კომპანია. ავიატორის ახლობლების განცხადებით, უილიამმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო წყენის დავიწყება და შეურაცხყოფის პატიება.
1942 წელს, ბიზნესის დატოვების შემდეგ ბოინგი ოჯახთან ერთად ვაშინგტონის შტატში, ფოლ-სითის ფერმაზე გადაბარგდა და მოულოდნელად დაინტერესდა აგრარული სფეროთი. ყოფილმა ავიატორმა, რომელსაც დაბადებიდან დაჰყვა გამომგონებლის ნიჭი, საფერმერო მეურნეობის გაუმჯობესება და ბალახის მორწყვის სისტემის მოდერნიზაცია გადაწყვიტა, რომელმაც შინაურ პირუტყვს 24-საათიან რეჟიმში საკვების მიღების საშუალება მისცა. არ დაივიწყა ბოინგმა არც ოჯახური ბიზნესი და თავიდან აამუშავა ხე-ტყის გადასამუშავებელი ქარხანა.
უილიამ ბოინგი 1956 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროზე, საკუთარ იახტაზე. კრემაციის შემდეგ ავიატორის ფერფლი მისივე ანდერძის თანახმად ახლობლებმა ატლანტის ოკეანეში გაფანტეს თვითმფრინავიდან, რომელიც ამაყად ატარებდა მის სახელს.
„ჩვენ გზამკვლევები ვიყავით საავიაციო ინდუსტრიის თეორიასა და პრაქტიკაში. პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებოდით, ახალი იყო და ჩვენამდე არავის გადაეწყვიტა, ამიტომ არ გვქონდა გაჩერების და უკან დახევის უფლება. ჩვენ არ შეგვეძლო ფანტასტიკური პროექტების გვერდზე გადადება, რადგან მათი განხორციელება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობდით იმ იდეების რეალიზაციას, რომლებიც სხვებისთვის მხოლოდ ოცნება და წარმოსახვა იყო“, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში უილიამ ბოინგმა, რომელსაც წარმატების საკუთარი საიდუმლო აღმოაჩნდა.
ნოვატორი ავიატორი დარწმუნებული იყო, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა მხოლოდ სითამამით და გამბედაობით, საყვარელი საქმის მოძიებით და მისთვის თავგანწირვით, ახალი იდეების ძიებით და მათი უშიშრად განხორციელებით შეიძლებოდა.