საფრანგეთის პარლამენტის მიერ, რუსული ფსევდო კერძო ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შემდეგ, "თაიმსის ცნობით", "ვაგნერს" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ბრიტანეთიც დაამატებს.
გამოცემის ცნობით, წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.
ამავე ცნობის თანახმად, ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რასაც ფინანსური სანქციები და სხვა ტიპის სასჯელები მოჰყვება.
ცნობილი ხდება, რომ პარალელურად საფრანგეთის პარლამენტი ევროკავშირს მიმართავს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიაროს.