ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში, 14 კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც „ZERO COMPROMISE“, სადაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას.
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს.