20-წლიანი პაუზის შემდეგ, „ინტერი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან. ჩემპიონთა ლიგური „დერბი დელა მადონინა“ დღეს, თბილისის დროით საღამოს 11 საათზე დაიწყება. მასპინძელთა სტატუსი კი ფორმალურად „როსონერის“ ექნება.
მილანმა და ინტერმა ისტორიის განმავლობაში ყველა ტურნირზე 219-ჯერ ითამაშეს. უპირატესობა ლურჯ-შავების მხარესაა - „ინტერს“ 81 მოგება აქვს, ხოლო „მილანს“ 71. 67 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მილანი აღნიშნულ დაპირისპირებას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. „ლაციოსთან“ შეხვედრაში ბარძაყის ტრავმა მიიღო მილანელთა მთავარმა ვარსკვლავმა, რაფა ლეაუმ.
იტალიურ მედიაში წერენ, რომ მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუმცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ მან „ინტერთან“ პირველი შეხვედრა გამოტოვოს. რაც შეეხება ნერაძურის დანაკლისს, ის იმდენად სერიოზული არ არის, როგორც ეს მილანის შემთხვევაშია. ინძაგის გუნდს დააკლდება რობინ გოზენსი და სავარაუდოდ მილან შკრინიარი, რომელსაც ზურგის დაზიანება აქვს.