ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ბახმუტთან რუსების მხრიდან დაბომბვის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეი ფი პი“ ავრცელებს, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა 23 სარაკეტო, 43 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 97 დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის ცნობითვე დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით განაგრძობს. ამავე ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინელებმა, რუსული ძალების 6 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან, 3 ირანული შაჰედის ტიპის დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, პენტაგონი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასულ დღეებში ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს.