დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ 2021/22 წლების სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება, როდესაც პეპ გუარდიოლას გუნდმა „ეტიჰად სთედიუმზე“ პირველი შეხვედრა 4:3 მოიგო, საპასუხო მატჩში კი 89-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა როდრიგოს მიერ შესრულებული დუბლის წყალობით, თამაში დამატებით ტაიმებში გადავიდა, მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში 6:5 გაიმარჯვეს. აქედან გამომდინარე, მთავარი ინტრიგაც სწორედ ამაში მდგომარეობს, შეძლებს, თუ არა გუარდიოლას გუნდი ამჯერად „რეალის“ ბარიერის დაძლევას.
„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში ორ ფრონტზე იბრძვის. ჩემპიონთა ლიგის გარდა, „ქალაქელებს“ პრემიერ ლიგის მოგების შანსიც აქვთ, სადაც ყველაფერი მათ ხელშია. გუარდიოლას გუნდს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან კი 17 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ კი ფრედ ითამაშა.
„სამეფო კლუბმა“ კი ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა, გუნდი შიდა ჩემპიონატში არადამაჯერებლად გამოიყურება. ანჩელოტის გუნდი მოახლოებულ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ედერ მილიტაო ვერ დაეხმარება. ასევე, კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს დანი სებალიოსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ფერლან მენდის თამაშიც. „მანჩესტერ სიტი“ კი მადრიდში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის.
მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება დღეს, 9 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 17 მაისს გაიმართება.