ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, Stranger Things-ის ფინალურ სეზონზე მუშაობა შეჩერებულია. სერიალის შემქმნელებმა, მეთ და როს დაფერებმა განაცხადეს, რომ Stranger Things-ის გაგრძელება მწერალთა გაფიცვის გამო შეუძლებელია. მწერალთა გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაა, რასაც არაერთი სცენარისტიც შეუერთდა.
"გადაღებების დაწყებისას სცენარის წერა არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ სულმოუთქმელად ველით ჩვენს საოცარ მსახიობებთან და გადამღები გუნდის წევრებთან ერთად სერიალის გაგრძელებას, გაფიცვის გამო ეს შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ და მუშაობას დავუბრუნდებით'', — ვკითხულობთ დაფერების განცხადებაში.
Stranger Things-ის გაგრძელების შესახებ ნეტფლიქსს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ Stranger Things-ის მე-4 სეზონი წარმატებული აღმოჩნდა და ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალების სიაშიც მოხვდა. ნეტფლიქსზე Stranger Things-ის ნახვაში მაყურებლების მიერ გატარებულმა დროის რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ სამ დღეში 286,79 მილიონ საათს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
შეგახსენეთ, რომ ნეტფლიქსი მალე Stranger Things-ის ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს.ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის განვითარდება ანიმაციაში მოქმედებები ან რა მოვლენებზე იქნება დაფუძნებული სიუჟეტი. ძმები დაფერების თქმით, პროექტზე უკვე დიდი ხანია, მუშაობენ.