ირანში ყურანის დაწვისა და მუჰამედის შეურაცხყოფისთვის მსჯავრდებული ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ირანის სასამართლო სისტემას დაქვემდებარებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ მამაკაცებს სოციალურ ქსელებში ათობით ანგარიში ჰქონდათ, რომლებიც „ათეიზმსა და სიწმინდეების შეურაცხყოფას“ ემსახურებოდა. ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ ორი მამაკაცის სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა. „ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.