„ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
მათ ამ ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარი უთხრა.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.
ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებს ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ.
ამ ეტაპზე პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რეგისტრირდება. ეს ჯგუფებია უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა", რომელიც ცხრა წევრით იქნება წარმოდგენილი და ხუთწევრიანი პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის".
"ხალხის ძალისა" და "საქართველოსთვის" დეპუტატები პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით გავიდნენ.