„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და ბათუმში სამშენებლო ამნისტიის თაობაზე საკრებულოს წევრებს და არასამთავრობოებს არ შეხვდა.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, სრულად გამოიყენოს საპარლამენტო ბერკეტები.
„დღეს დარგობრივმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ეხება. იმის მიუხედავად, რომ პირველ საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, შეხვდებოდნენ დაინტერესებულ მხარეს, ბათუმის საკრებულოს წევრებს, არასამთავრობოებს, პროფესიულ წრეებს, სანამ მეორე მოსმენა გაიმართებოდა, ეს დანაპირები არ შესრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა ჩვენ, მოატყუა არასამთავრობოები, ურბანისტები, არქიტექტორები და როგორც სჩვევია, ისე მოტყუებით დღეს განიხილავენ მეორე მოსმენისთვის.
დაგვპირდნენ და მოგვატყუეს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ოპოზიცია, ვცდილობთ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ შემთხვევაში ბათუმელების ინტერესები მოვიტანოთ პარლამენტში, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ბრძოლაც, რომ კანონი, რომელიც ბათუმის ურბანულ გენოციდს ახდენს, არ დავაკანონოთ.
სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციას არ გვაქვს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვერთვებით პროცესებში“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.