საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება. ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის ფასი 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 76 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამაც 1.5%-ით მოიმატა და ის 72 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 56 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ დღეში თითქმის 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე რუსული ნავთობი თითქმის 34%-ითაა გაიაფებული; Brent-ის ვარდნის მაჩვენებელი კი 27%-ს შეადგენს.
ნავთობის ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების სრულად გაუქმებასთან და ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან.
გარდა ამისა, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6%-იან ნიშნულამდე შემცირდა. ინფლაციის შენელება ფედერალურ რეზერვს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და საწვავზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ FED-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთის დამატებით ზრდა აღარ არის დაგეგმილი.