ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი წერს, რომ სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის. ლევან იოსელიანი საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენაც მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ.