დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით.
მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.