ზუგდიდში, ცენტრალური სუპერმარკეტის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მერთან, მამუკა წოწორიასთან შეხვედრას ითხოვენ.
შეკრებილების ინფორმაციით, ორშაბათს, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეების აქციის დასრულების შემდეგ, მათ ზედამხედველობის სამსახურისგან გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს, რომ ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება.
როგორც ისინი ამბობენ, შეთავაზებულია ალტერნატიული ფართი, რომელიც მათთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად მუშაობას მაინც განაახლებენ.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე მაიზერ ნანავა შეხვდა. მან შეკრებილებს განუმარტა, რომ გარევაჭრობა უკანონობაა.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე ალტერნატიული ფართი, რომლის მფლობელებიც გარკვეული პერიოდი თანხას არ გადაგახდევინებენ, ეს იმისთვის, რომ თქვენი მომხმარებლები ამ სივრცეს მიეჩვიონ”, - უთხრა აქციის მონაწილეებს მაიზერ ნანავამ.
შეგახსენებთ, 1 მაისს, ზუგდიდში ცენტრალურ სუპერმარკეტში დასაქმებულებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვის დაპირება მიიღეს.