სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1), რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო. შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევებზე იყვნენ აწყობილი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიშის დროს ლოვრიჩმა ანგარიში გახსნა.
პირველი მომენტი ნეაპოლელებმა კი 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ ვიდეორეფერიმ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, განსაკუთრებით ქართველი ვარსკვლავის მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლის“ შეტევები საკმარისად დამაჯერებელი არ იყო.
მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო, ქართველის დარტყმული ბურთი მეკარე სილვესტრიმ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. ცოტა ხანში ჟელინსკის გატანა სილვესტრიმ არ დაანება. საბოლოოდ, კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრები მას ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს.
დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.
ნაპოლის ჩემპიონობას სამხრეთ იტალიურ ქალაქში საოცარი ზეიმი მოჰყვა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. უდინეზესთან შეხვედრამდე გულშემატკივრები სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე მხოლოდ იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად წინასწარ შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ამ სტადიონზე ფეხბურთს არავინ თამაშობდა, მათ ტრიბუნებზე მაინც საოცარი გარემო მოაწყვეს. უდინეზესთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ კი გულშემატკივართა ზღაპრული ზეიმი ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. მასში ჩართული იყო არამხოლოდ ნაპოლის გულშემატკივარი, არამედ ფაქტობრივად ქალაქის მთელი მოსახლეობა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი, რომელმაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონობა იზეიმა. პირველად აღნიშნული ტიტული მილანის ყოფილმა მცველმა და თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ იზეიმა. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს ნაპოლისი ისტორიაში მესამე სკუდეტო გახლავთ. იტალიის ჩემპიონობა ბოლოს პარტენოპეიმ 33 წლის წინ იზეიმა, როდესაც გუნდს ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ლიდერობდა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას უკვე ჩემპიონის რანგში 7 მაისს, სახლში „ფიორენტინასთან“ გამართავს.