კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდებს, საბრძოლო მასალები მიაწოდონ.
„ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ იქ ზიხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები დამოკიდებულები არიან YouTube-ისთვის კლიპების გადაღებაზე. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა?“- აცხადებს პრიგოჟინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს უწმაწური სიტყვებით მიმართავს.
პრიგოჟინი, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში კრემლისგან არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს ვიდეოში აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალების სათანადოდ მიწოდების შემთხვევაში მსხვერპლი ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.
”მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში“, - აცხადებს პრიგოჟინი.