თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ, რა დროსაც მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ადამიანი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სროლა ორმხრივი იყო, ერთმა პირმა ორი ადამიანის მისამართით გაისროლა, რა დროსაც მათგან ერთი დაჭრა, დაჭრილის თანხმლებმა პირმმა კი თავდამსხმელი მოკლა.
„ვიცი, რომ სამი ადამიანი დახვდა ერთმანეთს, ერთმა ესროლა მეორეს და დაჭრა. დაჭრილს ვინც ახლდა, იმან ამოიღო იარაღი და ესროლა ამ კაცს და მოკლა. სროლის ხმა მესმოდა, ძალიან ბევრი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო”, - აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.