თუ ვინმე პარტიიდან წასვლას აპირებს, ამაში მე უპრეცედენტოს ვერაფერს ვხედავ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, უმთავრესია, პარტიამ არ დაკარგოს ფოკუსი და ამოვიდეს ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესიდან.
„მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად ერთად გავიხედოთ წინ, მაგრამ თუ ვინმე პარტიიდან წასვლას აპირებს, თითქოს და ამაზეც იყო საუბარი, ის, ალბათ, მაინც წავა და საკუთარ პოლიტიკურ ბედს დამოუკიდებლად გამოჭედავს. ამაში მე უპრეცედენტოს ვერაფერს ვხედავ იმიტომ, რომ წარსულშიც გვინახავს ჩვენ ამგვარი გადაჯგუფებები. უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ მთავარი სამიზნე და სწორი ფოკუსი და ამოვიდეთ ყოველთვის ჩვენი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესებიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, გამორიცხავთ თუ არა, რომ ნიკა მელია პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, თინა ბოკუჩავა პასუხობს, რომ „გამორიცხული არაფერია“.
„საკმაოდ დიდი ხანია ვარ ჩართული ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გასვლამ ან პირიქით შემოსვლამ, გადაჯგუფებამ ან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნამ გამაკვირვოს. მოდი ასე ვთქვათ, გამორიცხული არაფერია, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ისარგებლოს იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მას ესახება, რომ არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესში იმ პოლიტიკური პლატფორმიდან, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის მთავარი ოპოზიციური ძალა და მთავარი რეალური მეტოქე ივანიშვილისთვის, ამიტომაა ჩვენი პარტია სამიზნე ივანიშვილისთვის მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა თუ ადამიანები სხვა ასპარეზს აირჩევენ, ეს ბუნებრივია მათი არჩევანია. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი წინმსწრებად იმიტომ, რომ ძალიან გულწრფელად გეუბნებით, მე ამგვარი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.