რუსული "იზვესტია" წერს, რომ Georgian Airways-მა, ერევანში ტრანსფერით, თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ქართული ავიაკომპანია თავისი პარტნიორის, სომხური Air Dilijans-ის (რომელიც Armenia Airlines-ის სამართლამდემკვიდრეა) რეისებზე ბილეთებს ყიდის, თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე ტრანსფერით ერევანში.
რუსული „იზვესტიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას Georgian Airways-ის წარმომადგენელმა განუცხადა. „იზვესტია“ ავიაკომპანიის ვებგვერდზე დაყრდნობით, ასევე, იუწყება, რომ ერევანში ტრანსფერის დრო 30 წუთია, ხოლო რეისზე ბილეთებს თავად Air Dilijans-იც ყიდის.
„ამ რეისზე ბილეთების გაყიდვა მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი Armenia Airlines-ს სახელი გადაერქვა,“ - ციტირებს გამოცემა ქართულ ავიაკომპანიას.
სომხური ავიაკომპანიის მიერ სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება მის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 20 მარტს გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს, რუსული მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა. პუტინმა შესაბამის განკარგულებას 21 ივნისს მოაწერა ხელი. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის მუშაობის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება.
აქვე „იზვესტია“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 20 იანვრის განცხადებას იხსენებს, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ის რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენას არ მიესალმება. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ „პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ფრენების აღდგენას მხარი დაუჭირა.“