ეპანური მედიის ცნობით, ჯუდ ბელინგემსა და მადრიდის რეალს შორის უკვე ყველაფერი არის გადაწყვეტილი. Marca-ს ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელსა და "სამეფო კლუბს" შორის ყველაფერი მოგვარებულია და ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.
მრავალთვიანი მუშაობისა და კონკურენციის შემდეგ მადრიდული გუნდი ერთადერთია, რომელიც ბელინგემისთვის ბრძოლაში დარჩა. თავდაპირველად 19 წლის ნახევარმცველისთვის აქტიურად იბრძოდნენ ლივერპული და მანჩესტერ სიტი.
ბელინგემმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში გადაწყვიტა. ლივერპულისა და სიტის ხელმძღვანელებმა ეს იციან და სწორედ ამიტომ, ისინი ტრანსფერისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ, რითაც რეალს გზა გაეხსნა.
შეთანხმების მიხედვით, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა და ტრანსფერი ბოლო წუთს არ ჩაიშალა, ინგლისელი მადრიდის რეალის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მომავალ ზაფხულს გახდება. ბელინგემი ესპანურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
დორტმუნდის ბორუსია შეეგუა იმ ფაქტს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზაფხულში კლუბს დატოვებს და ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. გერმანული გუნდი მადრიდის რეალს უკვე სატრანსფერო ფასზე ესაუბრება. დორტმუნდი ბელინგემში 140 მილიონ ევროს ითხოვს, მადრიდში კი მოლოდინები აქვთ, რომ ახალგაზრდა სუპერტალანტს შედარებით ნაკლებ ფასში 100-120 მილიონ ევროდ დაიმატებენ. სავარაუდოა, რომ გუნდები თანხაზე შეთანხმდებიან და ეს ყველაფერი ბელინგემის რეალში ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.