ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარულ მდგომარეობას გაეცნო.
ნაქერალას უღელტეხილზე არსებული ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომი, ქვეყანაში ბზის დაავადების და მავნებელის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ტერიტორიად 2019 წლიდან შეირჩა და სახეობის შენარჩუნების მიზნით, 12 ჰა-მდე ტერიტორიაზე მავნებელთან ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებები განხორციელდა. გასულ წელს განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბზის ალურას რიცხოვნობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატებით დამუშავებას. ტერიტორია რჩება სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, მავნე მწერის მონიტორინგის მიზნით, განთავსებულია ფერომონიანი მწერსაჭერები და მიღებული მონაცემების საფუძველზე მოხდება შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მოიცავდა კოლხური ბზის დაზიანებული კორომების ბიოლოგიური ინსექტიციდით დამუშავებას (საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, სამეგრელო ზემო - სვანეთი და რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ჯამში იწამლებოდა 550 ჰექტარი), ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებას და სხვა.