მიხეილ სააკაშვილს ვინ უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს? - ხომ თავის თავს უქმნის პრობლემებს, ციხეში ყოფნა არ შეუძლია , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს“.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სააკაშვილმა უნდა უსაყვედუროს იმ ხალხს, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვლაში დაარწმუნეს.
„მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია, რომ არ იყოს ყურადღების ცენტრში, მასზე ხომ უნდა ლაპარაკობდნენ და მერე მისი ადვოკატები, რაღაც ახალს მოიგონებენ.
ვინ უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს? - ხომ თავის თავს უქმნის პრობლემებს. უბრალოდ ციხეში ყოფნა არ შეუძლია. ხომ იცოდა თავის ამბავი, რას ჩამოდიოდა? რას მოდიოდა მე-19 საუკუნის რევოლუციონერივით? დატეულიყო იქ, სადაც იყო, უკრაინაში და ეს ამბავი მის თავს არ მოხდებოდა. ხომ იცოდა მის წინააღმდეგ საქმე რომ იყო აღძრული. ამას კიდევ საზღვრის უკანონო კვეთა დაამატა. ხომ იცი, რომ ციხეში და გამოკეტილ სივრცეში ჯდომა არ შეგიძლია, შენი ხასიათის და გაქანების კაცს. უსაყვედუროს იმ ხალხს, რომლებმაც დაარწმუნეს ჩამოსვლა. დატეულიყო იქ, სადაც იყო და არც საკუთარ თავს დამმართებდა ამ ამბავს და არც ხალხს დააწყვეტდა ნერვებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნება“ სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაუშვებს.
„მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება რას ნიშნავს?- ნიშნავს იმას რომ შენ, ინფრასტრუქტურა არ გაქვს, „ბანძი“ ქვეყანა ხარ, წარმოგიდგენიათ? „ბანძ“ ქვეყნად გამოჩნდები. არც კლინიკა გაქვს, არც ექიმები გყავს, არც ინფრასტრუქტურა, ე.ი. თალიბანის ავღანეთი ხარ, რომელსაც არაფერი აქვს. ასე არ შეიძლება. „ქართული ოცნებაც“ ჯიბრშია და ამ სადიზმით კმაყოფილებას იღებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა, მან ასევე ისაუბრა NDI-ის კვლევაზე და აღნიშნა, რომ მას NDI-ის კვლევის არ სჯერა.
მისივე შეფასებით, კვლევა უხარისხოდ არის ჩატარებული.
„მე ყოველთვის მჯეროდა IRI-ის კვლევების. IRI-ი გაცილებით პროფესიონალურად და ხარისხიანად ატარებს კვლევებს. ვერ ვხვდები სატელეფონო კვლევა რატომ ჩაატარა NDI-იმ. საველე კვლევა გაცილებით ეფექტური კვლევაა. სატელეფონო კვლევაზე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ უსმენენ. ადამიანებმა არ იციან საიდან ურეკავენ სუსი-დან „ოცნებიდან“ თუ NDI- დან. თუ პასუხობს ძირითადად პასუხობს ის, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ან იტყუება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არანორმალურია ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელმაც პასუხზე თავი შეიკავა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პარტია „მოქალაქეების“ პროცენტულ მაჩვენებელზე, რომელიც IRI-იმ ჩაატარა.
მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგი ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს.
„ჩემს პარტიასთან დაკავშირებით , IRI-ის კვლევა მაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას. წინა კვლევასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის მხარდაჭერა 100 %-ით გაიზარდა, 1 %-ი იყო და გახდა 2 %-ი ეს ტენდენციაზე მიანიშნებს. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ იყოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.