კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.
„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.
მედია კრემლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმაში ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს.
კრემლის განცხადებითვე, პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.
ამის გარდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, მცირე კვამლი კრემლის თავზე.