ბრიტანელმა მუსიკოსმა, საკულტო როკ-ჯგუფის Rolling Stones-ის ვოკალისტმა, სერ მაიკლ ფილიპ ჯაგერმა დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. მართალია, ჯაგერმა, რომლის რეპერტუარი დღეს უკვე როკის კლასიკად ითვლება, უამრავი ჰიტი შექმნა 50-წლიანი კარიერის მანძილზე, მაგრამ სკანდალურმა და ეპატაჟურმა მუსიკოსმა არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით დაამახსოვრა თავი პუბლიკას, არამედ გამომწვევი ქცევითა და ცხოვრების წესით, რაც განსაკუთრებით 1960-იანი წლების კონსერვატორული ბრიტანეთისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი.
Rolling Stones-ის ვეტერანი წევრები მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი, რომლებიც ჯგუფის დაარსების დღიდან ირიცხებიან მის შემადგენლობაში, პრაქტიკულად ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, რადგან კენტის საგრაფოს ქალაქ დარტფორდში დაბადებულები, ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობდნენ. მართალია, მოგვიანებით მათი გზები გაიყო, მაგრამ 1960-იანი წლების დასაწყისში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს დარტფორდიდან სიდკაპში მატარებლით მგზავრობისას, საერთო გატაცებაზე - მუსიკაზე საუბრისას კი, მიკმა ძველი მეგობარი საკუთარი სამოყვარულო ჯგუფის Little Boy Blue & The Blue Boys-ის რეპეტიციაზე მიიწვია, რასაც კიტი სიამოვნებით დათანხმდა.
Rolling Stones-ის წარმატება მეტწილად ჯაგერის ხმამ განსაზღვრა, რომელიც ამოცნობა მელომანებს არასდროს გაუჭირდებათ, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ვოკალისტის კარიერა და შესაძლოა მთელი თანამედროვე მუსიკის განვითარება არასასიამოვნო შემთხვევამ განაპირობა. როგორც აღმოჩნდა, მოზარდობაში კალათბურთით გატაცებული ჯაგერი, რომელიც სკოლის გუნდშიც თამაშობდა, ერთ-ერთი მატჩის დროს ცუდად დაეჯახა მეტოქეს და არა მხოლოდ ენა მოიკვნიტა, არამედ შიშისგან ლაპარაკის უნარიც დაკარგა. მომავალი როკ-ვარსკვლავი მთელი კვირა განიცდიდა ხმის დაკარგვას, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჯერ ალაპარაკდა, მერე ამღერდა და ყველა გააოცა საკუთარი ხმით. მოგვიანებით, მუსიკოსის მეგობარმა ხუმრობით შენიშნა, რომ „ენის მოკვნეტა და ხმის დაკარგვა საუკეთესო იყო, რაც მიკის ცხოვრებაში მოხდა“.
Rolling Stones-ის ცნობილი ლოგოტიპი - ენისა და ტუჩების გამოსახულება, რომელიც ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ სიმბოლოდ ითვლება, ინგლისელმა არტ-დიზაინერმა ჯონ პაშემ გამოიგონა 1970 წელს. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვით, ლოგო, რომელიც ჯგუფის ყველა სინგლსა და ჩანაწერზე ფიგურირებს, ლიდერის პოზიციით დაწინაურდა „ყველა დროის სიმბოლოებს“ შორის და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გამოსახულებები, როგორიც ჩე გევარას პორტრეტი, Hard Rock Cafe-ს და ნიუ-იორკის სიმბოლო I ❤ NY-ია.
1979 წელს დევიდ ბოუიმ ე.წ. ლიფოგრაფი“ გამოიგონა ტუჩის ანაბეჭდით პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, ერთი წლის შემდეგ კი, ამერიკაში ცნობილი ადამიანების „ლიფოგრაფების“ საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო, რომლის შემოსავალი ბავშვთა დაცვის ფონდში გადაირიცხა. საკუთარი წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში მიკ ჯაგერმაც, ვისი ტუჩების ანაბეჭდი ყველაზე ძვირად - 1600 დოლარად გაიყიდა.
ჯაგერი, რომელიც 32-ჯერ გამოჩნდა ამერიკული ჟურნალის Rolling Stone-ის გარეკანზე გამოცემის აბსოლუტური რეკორდსმენია, რადგან ვერავინ შეძლო მის შედეგთან მიახლოება. აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელის მიუხედავად ჯგუფს არაფერი აკავშირებს ჟურნალთან, რომელიც მისი შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაარსდა, სახელი კი, ცნობილი ინგლისური იდიომის rolling stone-ის წყალობით დაერქვა, რაც „მერყევ, არასტაბილურ ადამიანს ნიშნავს, რომელსაც ერთ ადგილას გაჩერება და ერთი საქმის დიდხანს კეთება არ შეუძლია“.
სხვა როკერების მსგავსად, ჯაგერსაც მეტად ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა მისგან განსხვავებით ბევრი ვერ დაიკვეხნის ნამდვილ პრინცესასთან რომანს. მართალია, ხანმოკლე, მაგრამ სკანდალური ურთიერთობა ჰქონდა მუსიკოსს ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის უმცროს დასთან პრინცესა მარგარეტთან, რომელიც ყოველთვის თავქარიანობით, სამეფო ოჯახისთვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩეოდა, ჯაგერის კომპანიაში კი, საერთოდ უმართავი გახდა. დედოფალს მრავალჯერ მოუწია „ამბოხებული პრინცესის“ პირად ცხოვრებაში ჩარევა და მორიგი ხმაურიანი სკანდალის დაფარვა, რომელსაც აუცილებლად თან ახლდა „სექსი, ნარკოტიკები და როკ’ნ’როლი“. ნაკლებად სასიამოვნო ნაცნობობის მიუხედავად, 2000-იანი წლების დასაწყისში მიკ ჯაგერმა მაინც მიიღო რაინდის წოდება Rolling Stones-ის დიდი თაყვანისმცემლის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის წყალობით, თუმცა დედოფალმა უარი თქვა დასწრებოდა ღონისძიებას და დაჯილდოების ცერემონიის გაძღოლა საკუთარ შვილს - პრინც ჩარლზს გადააბარა.
რა თქმა უნდა, 79 წლის მუსიკოსის სასიყვარულო თავგადასავლები დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა თავის დროზე ხმაური და უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია, მით უფრო, რომ ჯაგერი ყოველთვის ცნობილ ლამაზმანებს ეარშიყებოდა, რომელთა შორის ერთ-ერთი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე, მოდელი კარლა ბრუნი იყო. მართალია, წყვილს თავდავიწყებით უყვარდა ერთმანეთი, მაგრამ როცა კარლა მიხვდა, რომ დიდი სიყვარულის მიუხედავად, მიკი არასდროს გაშორდებოდა მეუღლეს, თავადვე მიატოვა და ახალ სამიზნედ დონალდ ტრამპი აირჩია.
მართალია, ეპოქის სიმბოლოდ ქცეულ ფრაზას Sex, drugs and rock 'n' roll ბევრი მიკ ჯაგერს მიაწერს, მაგრამ სინამდვილეში გამოთქმა, რომელსაც ახალგაზრდობაში სრულად იზიარებდა როკერი, მის კოლეგას, ბრიტანელ მუსიკოსს იან დიურის ეკუთვნის 1970-იანი წლების ამავე სახელწოდების სინგლიდან.
სწორედ მიკ ჯაგერმა აღმოაჩინა ანჯელინა ჯოლი კარიერის დასაწყისში, როცა კომპოზიციის Anybody Seen My Baby? კლიპში შესთავაზა მონაწილეობა. მართალია, ჟურნალისტებმა მუსიკოსს ახალბედა მსახიობთან მორიგი რომანი მიაწერეს, მაგრამ ჯოლიმ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ჭორები და არც მაშინ დაიხია უკან, როცა პრესაში ბანგკოკის სასტუმროში, ჯაგერის ნომრიდან გამოსული წყვილის ფოტოები დაიბეჭდა.
უდავოა, რომ კაპიტანი „ჯეკი ბეღურა“ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომლის ქარიზმამ ფრანშიზის წარმატება განსაზღვრა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეკობრის როლის უცვლელმა შემსრულებელმა ჯონი დეპმა სწორედ მიკ ჯაგერის პროტოტიპად შექმნა საკუთარი პერსონაჟი.